სამხრეთ კორეული სატელეკომუნიკაციო კომპანია SK Telecom-ი 2025 წლისთვის მფრინავი ტაქსის სერვისის ამოქმედებას გეგმავს და ელის, რომ სამომავლოდ, ტაქსი კომპანიისთვის “მნიშვნელოვანი შემოსავლის მოტანას” შეძლებს. ამის შესახებ CNBC წერს.
ამერიკული გამოცემის ცნობით, სამხრეთ კორეის ბაზრისთვის საჰაერო ტაქსის შესაქმნელად გასულ წელს, SK Telecom-ი ამერიკულ კომპანია Joby Aviation-თან დაკონტრაქტდა, ეს უკანასკნელი ე.წ. ელექტრო ვერტიკალური ასაფრენი და სადესანტო მანქანების მწარმოებელი კომპანიაა. რაც შეეხება ელექტრონულ მფრინავ ტაქსს, ის განიხილება, როგორც ხალხის გადაადგილების საშუალება, რომლის მისიაც დიდ ქალაქებში სატრანსპორტო კოლაფსის განტვირთვა იქნება.
“2025 წელს საჰაერო ტაქსები ჩაეშვება, ხოლო მაშინ, როცა მისი მომსახურების ხარისხი ფართო საზოგადოებისთვის მისაღები გახდება, მომსახურების სფეროს გაფართოების პოტენციალიც გაჩნდება, რაც ლოგისტიკის და ტურიზმის სექტორების ათვისებასაც გულისხმობს,” – აცხადებენ კომპანია SK Telecom-ში.
ცნობისთვის, SK Telecom-ი ბიზნესის გაფართოებას ტრადიციული მობილური ოპერატორების ბაზრის მიღმა, ახალი სფეროების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის და მფრინავი ტაქსების ათვისებით ცდილობს. მფრინავ ტაქსებს ავტონომიურობის – ანუ თვითმართვადად ოპერირებისთვის მე-5 თაობის ინტერნეტთან კავშირი დასჭირდება.
იმის მიუხედავად, რომ ტრანსპორტის ეს ფორმა განვითარების ადრეულ ეტაპზეა, საკონსულტაციო კომპანიების პროგნოზით, 2050 წელს მსოფლიოში 160 000 უპილოტო ელექტრონული დრონი იქნება გამოყენებაში, რომლებიც წლიურად 90 მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებენ.