Amazon-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული თვითმართვადი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Zoox-ის შექმნილი რობოტაქსი კალიფორნიის ქუჩებში გაუშვა. სპეციალისტებმა რობოტი ტაქსის სატესტო რეჟიმზე მუშაობა 11 თებერვალს დაიწყეს. ეს კი, კომპანიის განცხადებით, თვითმართვადი ავტომობილების ხელმისაწვდომობისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
“თვითმართვადი სატრანსპორტო საშუალების პირველი გაშვების გამოცხადებით, ჩვენ ამ ინდუსტრიის პროგრესს ვაუმჯობესებთ. Zoox-ის მიერ შექმნილი რობოტაქსის კალიფორნიის ქუჩებში საცდელად გაშვება კი ერთი ნაბიჯით გვაახლოებს მთავარ მიზანთან – თვითმართვადი ტაქსის სერვისით ხალხმა რაც შეიძლება მალე ისარგებლოს,” – წერია Zoox-ის აღმასრულებელი დირექტორის აიჩა ევანსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ეტაპზე თვითმართვადი ტაქსით სარგებლობა მხოლოდ Zoox-ის თანამშრომლებს შეუძლიათ და ამ გზით ისინი კომპანიის ორ საოფისე კამპუსს შორის გადაადგილდებიან. რობოტაქსში ერთდროულად ოთხი ადამიანის მოთავსებაა შესაძლებელი და ის საათში 35 მილი – ანუ 56 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
სტარტაპ კომპანია Zoox-ში აცხადებენ იმასაც, რომ რობოტაქსმა კერძო გზებზე “მკაცრი” ტესტირება უკვე გაიარა და კალიფორნიის საავტომობილო დეპარტამენტისგან გადაადგილებისთვის საჭირო ნებართვა მიიღო. თვითმართვადი ტაქსი კარგად აღიქვამს შუქნიშანს, ფეხით მოსიარულეებს, მანქანებს და სხვა პოტენციურ დაბრკოლებებს, რომელიც ტრანსპორტირების დროს ჩნდება. რობოტაქსი, ასევე, სხვა ავტომობილების მარცხენა და მარჯვენა მხრიდან გადასწრების მცდელობებსაც ამჩნევს და ამ მხრივ შეფერხებებს არ ქმნის.
რაც შეეხება კომპანია Zoox-ს, ის 2014 წელს დაარსდა, ხოლო 2020 წელს Amazon-მა შეიძინა. სტარტაპის ნიშურობა ელექტრო თვითმართვადი ავტომობილების უნიკალური დიზაინის შექმნაში ვლინდება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ თვითმართვადი ავტომობილების უმეტესობა, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია, რობოტაქსის მსგავსია. თუმცა, საგულისხმოა, რომ Zoox-ის მიერ შექმნილ სატრანსპორტო საშუალებას საჭე და სამუხრუჭე პედლები შენარჩუნებული აქვს იმის მიუხედავად, რომ ტაქსს ადამიანი არ მართავს. ავტომობილში სავარძლები ერთმანეთის პირისპირ მდებარეობს, რათა მგზავრებს კომუნიკაცია გაუადვილდეთ.
შეგახსენებთ, რომ Amazon-ის გარდა, Google-მა, General Motors-მა და სხვა ტექნოლოგიურმა და სატრანსპორტო კომპანიებმა თვითმართვადი ავტომობილების შესაქმნელად მილიარდობით დოლარის ინვესტიციები ჩადეს. მთავარი პირობა კი ერთია – ასეთმა ავტომობილებმა მგზავრების კომფორტი და უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.