ძველი პაროლების Google-ში დამახსოვრების ეპოქა შესაძლოა, დასრულდეს – ტექნოლოგიური გიგანტი კომპანია მომხმარებლებს ე.წ. “სკამერებისგან” დაცვის მიზნით, ანგარიშების ან მოწყობილობების განსაბლოკად თითის ანაბეჭდის ან/და სახის ამომცნობის დაყენებას ან პინის ნომრით ჩანაცვლებას სთავაზობს. ამის შესახებ CNN წერს.
Google-ში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ანაგრიშში შესასვლელად მომხმარებლებს პაროლების დამახსოვრება აღარ დასჭირდებათ, რადგან შერჩეული ალტერნატივა გამოსაყენებლად უფრო სწრაფიცაა და, რაც მთავარია, მეტად უსაფრთხოც. ტექნოლოგიურმა გიგანტმა სიახლის დანერგვა ჯერ კიდევ მაისში დააანონსა, ახლა კი მომხმარებელს ამ სისტემის გამოყენება უკვე შეუძლია.
თუმცა მათ, ვინც ამ სიახლისთვის ჯერ მზად არაა, კვლავ შეეძლებათ Google-ის ანგარიშებში ტრადიციული პაროლები გამოიყენონ, ე.წ. Passkeys-ის გააქტიურებისგან თავის შეკავება კი შესაბამისი ოფციითაა შესაძლებელი – Skip password when possible.
დღესდღეობით Passkeys გამოიყენება YouTube-ში, Search-ში, Maps-ში, Uber-სა და eBay-ზე. CNN-ის ცნობით, ამ სიას სულ მალე WhatsApp-იც დაემატება. უსაფრთხოების კონსორციუმმა – FIDO Alliance-მა, რომლიც წევრიც უამრავი ტექნოლოგიური კომპანიაა, მომხმარებელთა უსაფრთხოების დასაცავად უკვე შეიმუშავა Passkeys-ის მსგავსი სტანდარტი სხვადასხვა ანგარიშის გასახსნელად. სწორედ კონსორციუმის ამ ნაბიჯის შემდეგ, Microsoft, Apple და Google ცდილობენ, ამ ტიპის პაროლების რეალობად ქცევას.
შეგახსენებთ იმასაც, რომ Apple-ის Passkeys-ის ყველაზე ცნობილი ვარიანტი iOS 16-ის მომხმარებლებისთვის Apple Wallet-ით სარგებლობისას გაჩნდა.