2024 წლის 15-19 იანვარს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა. ფორუმზე უამრავი გლობალური ლიდერის, ტექნოლოგიური ინოვატორისა და აზროვნების მესვეური შეიკრიბა ყველაზე აქტუალური ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების მოსაგვარებლად. დისკუსიებმა კი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა და პოტენციალი, როგორც ინოვაციური და გონივრული მმართველობის აუცილებლობა. დავოსის ფორუმის შესახებ ვრცლად ამერიკული გამოცემა Forbes წერს.
მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე AI არაერთი უმნიშვნელოვანესი რგოლის მიერ შეფასდა: მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა „Gen-AI” ახსენა, ანუ “ხელოვნური ინტელექტი და მუშაობის მომავალი“ და იქვე ითქვა, რომ განვითარებულ ეკონომიკაში სამუშაო ადგილების დაახლოებით 60%-ს საფრთხე ემუქრება ხელოვნური ინტელექტის გამო.
ისეთმა ლიდერებმა კი, როგორებიც არიან სემ ალტმანი, OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი და კლაუს შვაბი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, Microsoft-ის აღმასრულებელ დირექტორთან, სატია ნადელასთან ერთად, ხაზი გაუსვეს ადამიანების აღჭურვის მნიშვნელობას საჭირო უნარებით, რათა გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობები რისკების მართვის დროს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საგანმანათლებლო სისტემები მოქმედი შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე უნდა ადაპტირდეს. მისივე თქმით, დღეს ყველაზე მეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს ტექნოლოგიის წვლილზე, რომელიც თანამშრომლებში სხვადასხვა უნარის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
დავოსის ერთერთ სესიაზე ასევე ითქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის უპირატესობების ასათვისებლად დღეს უკვე თითქმის ყველა ინდუსტრიაში კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო. AI განათლების ინტეგრაციას მხარს უჭერს Code.org-ის აღმასრულებელი დირექტორიც. ჰადი პარტოვის თქმით, “რეალური გამოწვევა არ არის სამუშაოს ჩანაცვლება მანქანებით, არამედ – ხელოვნური ინტელექტის მცოდნე ადამიანებით.” პატროვი ამბობს, რომ სწორედ მოქალაქეები და განსაკუთრებით ახალგაზრდები უნდა გადამზადდნენ – “AI-ით გაძლიერებული სამყაროსთვის.”
ასე რომ, 2024 წლის დავოსის ფორუმმა აჩვენა ხელოვნური ინტელექტის ყველგანმყოფობა და მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოებაში; ხაზი გაესვა ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარ პოტენციალს ეკონომიკისა და საზოგადოებების შესაცვლელად, ამასთან, ყურადღება გამახვილდა დაბალანსებული მმართველობის და, ეთიკური მოსაზრებების, ასევე უნარების განვითარების აუცილებლობაზე.
ამასობაში AI განვითარებას კვლავაც განაგრძობს, დიალოგები კი დავოსის მსგავს ფორუმებზე გადამწყვეტ როლს შეასრულებს მისი ტრაექტორიის წარმართვაში ყველას სასარგებლოდ.