Amazon-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი სავაჭრო ასისტენტი გამოუშვა. მას Rufus ჰქვია და ელექტრონული კომერციის მაღაზიაში მოუწევს მომხმარებლების დახმარება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
Rufus-ი ბეტა რეჟიმში Amazon-ის აპლიკაციის მომხმარებელთა მცირე ქვეჯგუფისთვის 1 თებერვლიდან გამოჩნდა, მაგრამ ხელოვნურ ინტელექტზე წვდომა უახლოეს კვირებში აშშ-ში მცხოვრებ სხვა ხალხსაც ექნება.
“Rufus-ი Amazon-ის საკმაოდ ვრცელი პროდუქციის კატალოგის მიხედვით გადამზადდა. მას ასევე შეუძლია, მომხმარებელთა კითხვებს უპასუხოს და მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს პროდუქციის ფართო ასორტიმენტის შესახებ. ეს მომხმარებელს საშუალებას მისცემს, ნივთები სრულიად განსხვავებულად აღმოაჩინონ, ვიდრე – ელექტრონული კომერციის ვებგვერდზე იყო შესაძლებელი,” – განაცხადა Amazon-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ენდი ჯასიმ.
გიგანტი კომპანია აცხადებს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალის მონაცემებით, სადღესასწაულო პერიოდში Amazon-ის შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა, რამაც AI სავაჭრო ასისტენტი შექმნის შესაძლებლობა და საჭიროება ერთდროულად გააჩინა. 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში ელექტრონული კომერციის ლიდერი კომპანიის შემოსავალმა 170 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს რიცხვი კი Wall Street-ის ანალიტიკოსების დათვლით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 14%-ით (10,6 მილიარდი აშშ დოლარით) მეტია.