სტარტაპ კომპანია Zipline-მა თვითმართვადი დრონი შექმნა, რომლის საშუალებითაც ამანათების მიღებაა შესაძლებელი. ასეთი ტიპის ჭკვიანი მოწყობილობა თავდაპირველად რუანდაში გაიტესტა, სადაც დრონმა საავადმყოფოებში სხვადასხვა სამედიცინო მასალა მიიტანა. ამის შემდეგ, სულ მალე კი სილიკონ ველიზე დაფუძნებულმა სტარტაპმა სამომხმარებლო არეალი 6 ქვეყანაში გააფართოვა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNBC წერს.
რაც შეეხება Zipline-ის დრონის ბოლო მოდელს, მისი პრეზენტაცია სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა. ახალ მოდელში გაუმჯობესებულია გადაადგილების დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში მცხოვრებ მომხმარებლებს დღეიდან ამანათების მიღება გაცილებით უფრო სწრაფად შეეძლებათ და ეს პირობა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქშიც კი შესრულდება.
Zipline-ის ახალ დრონს სახელად P2 Zip-ი ჰქვია და მას 3.6 კგ-მდე წონის ტვირთის ტრანსპორტირება 16 კმ-ის მანძილზე შეუძლია. ჭკვიანი მოწყობილობა ამანათს მომხმარებლის მიერ წინასწარ მითითებულ კარის ზღურბლზე ტოვებს. Zipline-ის აღმასრულებელი დირექტორი კელენ რინაუდო კლიფტონი განმარტავს, რომ აშშ-ში ამანათის საშუალო წონა 2.5-დან 3.6 კგ-მდე მერყეობს, სწორედ ამ მიზეზით დაპროგრამდა დრონი იმგვარად, რომ მან ამავე მოცულობის ამანათების საჰაერო გზით ტრანსპორტირება შეძლოს.
დრონი, სახელად P2 Zip-ი 10 წუთში 16 კილომეტრს გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამანათების მისაღები დრო, აქამდე არსებული ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, დაახლოებით 7-ჯერ შემცირდა. რაც შეეხება მის ტექნიკურ მახასიათებლებს, დრონი ისეა მოწყობილი, რომ მას უსაფრთხოდ გადაადგილება წვიმიან და ქარიან ამინდშიც კი თავისუფლად შეუძლია.
კომპანია Zipline-ში იმედოვნებენ, რომ ამანათების თვითმართვადი დრონებით მიღება თანდათან სულ უფრო პოპულარული მომსახურება გახდება. ვინ იცის, იქნება სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოშიც მივიღოთ ამანათი P2 Zip-ით?!