სულ რამდენიმე დღეა, რაც ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიებისთვის ახალი რეგულაციები მიიღო. კანონი მეტად მკაცრ საკონკურენციო პირობებს აწესებს, რაც ნიშნავს, რომ მალე მომხმარებლების გამოცდილება ტელეფონებთან, აპებთან, ბრაუზერებთან და სხვა მოწყობილობებთან დაკავშირებით შეიცვლება. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მარეგულირებლების მხრიდან ახალი რეგულაციების მიღების აუცილებლობის მიზეზად, ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიებში კონკურენციის პირობების და, შესაბამისად, სამომხმარებლო გამოცდილოების გაუმჯობესება სახელდება.
რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, კანონის შესასრულებლად კომპანია Apple-ს შემდეგ დათმობაზე წასვლა უწევს: ევროკავშირში მცხოვრებმა მომხმარებლებმა iPhone-ის აპლიკაციების მესამე მხარის App Store-იდან ჩამოტვირთვა უნდა შეძლონ და კომპანიამ IOS-ზე კონტროლი უნდა შეამსუბუქოს.
Google-ის შემთხვევაში, ახალი რეგულაციის ფარგლებში, ძიების შედეგები შეიცვლება, რითაც მომხმარებელს სავაჭრო ან მოგზაურობის დასაჯავშნ ვებ-გვერდებზე დამოუკიდებლად შედარების შესაძლებლობა ექნება, Google Flights-ზე ან მის მფლობელობაში არსებულ სხვა ინსტრუმენტებზე წვდომის ნაცვლად. Android-ის მომხმარებლებს კი Google საშუალებას მისცემს, სასურველი ბრაუზერი და საძიებო სისტემა აირჩიონ (აქამდე არსებულ Google Chrome-ის ნაცვლად). ცხადია, ამით კონკურენტი ბრაუზერების (Opera, Mozilla Firefox-ის და სხვა) ტრაფიკი გაიზრდება.
აგრეთვე, შეტყობინებების აპლიკაციების მომხმარებლებს, როგორიცაა Signal ან Viber, მალე შეეძლებათ, შეტყობინებები პირდაპირ იმ ადამიანებს გაუგზავნონ, რომლებიც Meta-ს Messenger და WhatsApp პლატფორმებს იყენებენ, სოციალური მედიის გიგანტზე დაწესებული ღიაობის ახალი მოთხოვნის შესაბამისად.
ახალი რეგულაციების მიხედვით, სტრიმინგ სერვისებს, როგორიცაა Spotify და Netflix, მოუწევთ აპლიკაციებში ფასდაკლებები გაუკეთონ მათ, ვინც სერვისების გამომწერია შესაბამისი ვებ-გვერდების მეშვეობით და არა აპლიკაციის შიდა გადახდის სისტემებით.