ონლაინ შოპინგისას ხშირად ვხვდებით პარადოქსულ სიტუაციაში, როცა ისეთ პატარა ნივთს, როგორიცაა მაგალითად სავარცხელი, დიდი ზომის ყუთით ვიღებთ. როგორც BBC ამტკიცებს, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული. სპეციფიკური მასალის მწარმოებელი/გამყიდველი მაღაზიები, როგორც წესი, პროდუქციის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უფრო დიდ შესაფუთ მასალას იყენებენ, ვიდრე – კონკურენტები. თუმცა, მიზეზი მხოლოდ ეს არაა.
BBC-ის ინფორმაციით, კომპანიები პროდუქციის შესაფუთი ყუთების ზომის დასადგენად ალგორითმებს და პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, მაგრამ საწყობებში არსებული შეფუთვების შეზღუდული მარაგები დასაქმებულებულს ხშირად აიძულებს, უფრო დიდი ყუთები აირჩიონ.
მაშინ, როცა ონლაინ შოპინგის მოყვარულებისთვის ამანათების დიდი შეფუთვით მიღება დამატებით ხარჯებთან ასოცირდება, გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მთავარი პრობლემა ისაა, რომ დიდი ზომის ყუთების გარემოზე ზემოქმედება პირდაპირპროპორციულად უფრო მავნეა: შესაფუთი მასალების შესაქმნელად ყოველწლიურად სამ მილიარდზე მეტი ხე იჭრება, რაც ხელს უწყობს ტყეების განადგურებას და კლიმატის ცვლილებას. BBC-ის ცნობით, მუყაოს შესაფუთი ყუთების წარმოება ბოლო ათწლეულის განმავლობაში 65%-ით გაიზარდა. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ შესაფუთი მასალის ნარჩენების უმეტესობა შეიცავს არა მხოლოდ ქაღალდს, არამედ პლასტმასის კომპონენტებს, რაც გარემოს დამატებით საფრთხეს უქმნის.
მორიგი მიზეზი, რის გამოც მცირე ზომის ნივთებს დიდი შეფუთვით ვიღებთ, შემდეგია – ზოგიერთი ბიზნესი იყენებს „შეფუთვის ფსიქოლოგიას“, რა დროსაც მომხმარებლები უფრო დიდ ყუთებს უკეთეს ღირებულებად აღიქვამენ. ფსიქოლოგთა მტკიცებით, ეს მარკეტინგული სტრატეგია შესყიდვის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს, რაც როგორც მწარმოებლების/გამყიდველების, ისე მომხმარებლების მხრიდან დიდი ზომის ყუთების მიზანმიმართულ გამოყენებას იწვევს.
დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში რამდენიმე მსხვილი კომპანია ღიად აცხადებს, რომ ცვლილებების დროა. ზოგიერთი გამოსავალს ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთი მასალის ალტერნატივაში ხედავს. Amazon-ის მსგავსი ინოვაციური კომპანიები კი წარმოებაში ე.წ. განზომილებიან სისტემებს იყენებენ, რაც ხელს უწყობს ყუთების ზომის ოპტიმიზაციას და არასაჭირო შეფუთვას ამცირებს.
მიღწევების მიუხედავად, ინდუსტრიაში გამოწვევები კვლავ რჩება. გლობალურად, შეფუთვის ნარჩენების შემცირების საკანონმდებლო ძალისხმევა ჯერჯერობით წინააღმდეგობას აწყდება, თუმცა ფაქტია, რომ ცვლილებები ნამდვილად საჭიროა. მომხმარებელთა ცნობიერების ზრდასთან ერთად კი იზრდება ზეწოლა კომპანიებზე – უფრო გონივრული შეფუთვების მისაღებად.