“პროდუქცია წარმატებით შეიძინეთ!” – ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ, ცოტაა ისეთი მყიდველი, რომელიც ონლაინ შეკვეთის დასრულების შემდგომი პროცედურებით ზედმიწევნით დაინტერესდება. არადა ამანათის მისაღებად საჭირო მოქმედებები ხომ სწორედ ახლა იწყება – საქმეში ერთვება ხელოვნური ინტელექტის სპეციალური პროგრამები, რობოტები, ფურგონები და ა.შ. … და ეს ყველაფერი დიდ “ფერხულს” ჰგავს, ცეკვას, რომელშიც თითოეული მოძრაობა ძალიან სწრაფად უნდა შესრულდეს.
დღესდღეობით ბევრ ტექნოლოგიურად მოწინავე კომპანიას “დასაქმებული ჰყავს” რობოტები! დიახ, შეცდომით ნამდვილად არ წაგიკითხავთ და ამაზე ჩვენც არაერთხელ გიამბეთ. სწორედ რობოტები აგროვებენ მომხმარებლის მიერ ონლაინ შეკვეთილ თითოეულ პროდუქტს თავბრუდამხვევი სისწრაფით და, რაც მთავარია, სიზუსტით!
სულ თავიდან, როცა ონლაინ შოპინგის ინდუსტრია პირველ ნაბიჯებს დგამდა, მომხმარებლის მიერ შეკვეთის განთავსებისთანავე, მაღაზიების საწყობებში ადამიანები ტრიალებდნენ, ჩქარობდნენ, ფუსფუსებდნენ… და ასე გროვდებოდა თქვენი ნივთები. წლები გავიდა, ინდუსტრია დაიხვეწა და ახლა ეს საქმიანობა სწორედ რობოტებმა გადაიბარეს: ისინი საჭირო პროდუქტებს აგროვებენ, ყუთებში აწყობენ და შემდეგ მიაქვთ თანამშრომლებთან, რომლებიც უკვე ამანათების მიწოდებას უზრუნველყოფენ. ამ ავტომატიზირებულ პროცესში დღეს უკვე მთელი განვითარებული სამყაროა ჩართული.
რობოტებში ხელოვნური ინტელექტის პროგრამა ისეა დაყენებული, რომ მათ სპეციალური შტრიხკოდების წაკითხვა, მოძებნა და ამ მარშრუტის დამახსოვრება შეუძლიათ. ასე განასხვავებენ რობოტები ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, საოჯახო პროდუქციის თუ სხვადასხვა ტექნიკის მდებარეობას ძალიან, ძალიან დიდ საწყობებში. ისინი მითითებული კოორდინატიდან იღებენ საჭირო ნივთს. როგორ? აქაც მათ ხელოვნური ინტელექტი ეხმარება: მკლავის ან თითების მოხრის სიგნალს რობოტი თაროზე განთავსებული ნივთის მიხედვით იღებს. შემდეგი სიგნალი აღებული ნივთის სწორ ყუთში ჩადებაა, რასაც რობოტი ასევე წარმატებით ართმევს თავს.
თდა ასე სრულდება დღე-ღამეში 400 000 მოძრაობა რობოტების მიერ – სხვადასხვა ონლაინ მაღაზიის საწყობში…
მათი მუშაობის ვიდეოს კი აქ იხილავთ