მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (MIT) ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ხელოვნურ ინტელექტს IT სფეროში დასაქმებულებზე პოზიტიური გავლენა აქვს. კერძოდ, ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში დასაქმებულთა 60%-ს, რომლებიც რობოტიკასა და ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ, პროდუქტიულობის, სამუშაო კმაყოფილების და უსაფრთხოების გაუმჯობესებული მაჩვენებლები აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია Amazon-ის საინფორმაციო ვებ-გვერდზე ვკითხულობთ.
Amazon-ის მსგავსი მაღალტექნოლოგიური კომპანიები ყურადღებას ტექნოლოგიათა ინტეგრირებაზე ამახვილებენ – როგორც უსაფრთხოების, ისე თანამშრომელთა განვითარების გასაუმჯობესებლად. ამ პროცესში ჩართულ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს უზრუნველყოფილი სამუშაო ადგილი აქვთ, ისინი ავტომატურად, ადამიანთა ხელით ჩარევის გარეშე ასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს.
Amazon-ს ერთი ძირითადი წესი აქვს – ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაში კომპანიის თანამშრომელთა შეფასებები და შეხედულებები გადამწყვეტ როლს ასრულებს. MIT-ის გლობალური კვლევა ცხრა ქვეყანაში ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად კომფორტული და ნაყოფიერია დასაქმებულთათვის ხელოვნური ინტელექტის მოდელთა ავტომატიზაცია. კვლევები აჩვენებს იმასაც, რომ რობოტიკის გაცნობა Amazon-ის თანამშრომლებში პოზიტიურ აღქმას იწვევს, რაც ხაზს უსვამს AI-ის უპირატესობას მკაფიო კომუნიკაციის ნაწილში.
MIT-ის ძირითადი მიგნება ისაა, რომ რობოტიკის და ხელოვნური ინტელექტის სფეროში დასაქმებული თანამშრომლები კიდევ უფრო მეტად უნდა წახალისდნენ კომპანიების მხრიდან, რადგან კვლევის ავტორთა რწმენით, სამომავლოდ სწორედ ადამიანების და AI-ის ერთობლივი მუშაობით უნდა შემუშავდეს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობები. ამ მიზნის მისაღწევად, თანამშრომლებს მაღალ მოტივაციასთან ერთად, IT სფეროში ასევე მაღალი კვალიფიკაციაც მოეთხოვებათ, სასწავლო რესურსების მიწოდება კი თავად დამსაქმებელმა კომპანიებმა უნდა უზრუნველყონ.
Amazon-ში აცხადებენ, რომ კომპანია კვლავ აგრძელებს მუდმივ ინვესტირებას თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად და ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოებისთვის. ამ გეგმის ნაწილი მათ შორის MIT-თან თანამშრომლობაა, რაც მიზნად ისახავს ისეთი მომავლის შექმნას, სადაც რობოტიკა და AI ადამიანის მუშაობას სრულყოფილს გახდის! ავტომატიზაციის გაფართოებასთან ერთად, ახალი სამუშაო შესაძლებლობები და უფრო უსაფრთხო სამუშაო გარემო გაჩნდება, რაც ყველასთვის დაბალანსებულ სივრცეს შექმნის.